ჰიპოკრატეს ფიცის ქვეშ…

arazaladoba

გამარჯობათ ქალბატონო… თქვენ მე არ მიცნობთ… არც მე გიცნობთ, მაგრამ ნანახი მყავხართ… აფთიაქში შემოვედი და დიდხანს გათვალიერეთ… ათასი უაზრო კითხვა დაგისვით გულის ტკივილზე… დიდხანს გაკვირდებოდით, მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა ადამიანი, რომელმაც ჩემი მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა… დიახ, სასიკვდილოდ…

გიკვირთ? რატომ? თქვენ რა, არ იცით, რომ გულგრილობა კლავს? მინდოდა, მოვსულიყავი და მეკითხა, — უკაცრავად, გული გაქვთ? მაგრამ გადავიფიქრე… ალბათ, მეც იმას მეტყოდით, რაც პოლიციას _ შემეშინდაო.. ჰოდა, მეც მაგას გეუბნებით, მშიშარა და უგულო ხართ!

და ჩემი უფლება რომ იყოს, გაგასამართლებდით საზოგადოებისთვის საშიში გულგრილობისთვის და ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევისთვის…

ნამდვილი ამბავი _ ჩემი ცისფერთვალება მეგობარი

სამდღიანი შიდაპატიმრობისა და 72 საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ, მან ფურცლის ნაგლეჯი იპოვა და თავისი მეგობრების ტელეფონის ნომრები ჩამოწერა, მათ შორის ჩემიც…
წერილში მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: “როგორმე დაუკავშირდით ამ ადამიანებს და უთხარით, რომ მიშველონ, ან დაუკავშირდით პატრულს… ჩემი ქმარი ალბათ მომკლავს.“
ძალიან ლამაზი, ცისფერთვალება გოგო, ჩალუჯებული თვალებით და გადატყავებული ცხვირით აფთიაქში შერბის და ფარმაცევტს ეხვეწება, რომ წერილი დაიტოვოს…
“აქედან რომ გავალ და იმ მანქანაში ჩავჯდები, შეიძლება მერე ცოცხალი ვეღარავინ მნახოს, გთხოვთ, ამ ნომრებზე გადარეკეთ, ჩემი მეგობრები არიან და მიპოვიან, ან საპატრულოს დაურეკეთ. გამომართვით, გთხოვთ, მოდის უკვე აქეთ, ეტყობა რაღაცას მიხვდა“ _ მხოლოდ ერთი წუთი ჰქონდა ამის სათხოვნელად…
ქალმა, ექიმმა, შვილების დედამ და შვილიშვილების ბებიამ წერილი არ დაიტოვა… და კიდევ 24 საათით გაახანგრძლივა ჩემი მეგობრის ჯოჯოხეთი…
მოგვიანებით, პოლიციასთან აღიარა, რომ მასთან შევიდა ლამაზი გოგო შეშლილი სახით, “ჩასინიაკებული“ თვალებით და აკანკალებულ ხელებში ჩაბღუჯული დაჭმუჭნული წერილით…
და ეს ყველაფერი მოხდა ჰიპოკრატეს ფიცის ქვეშ…
იმ საშინელი ისტორიიდან, რომლის მონაწილეც აღმოვჩნდი, ყველაზე მეტად ეს ამბავი დამამახსოვრდა…

თანამოძალადეები

საზოგადოების გულგრილობა + სტეროტიპები _ მოძალადის მთავარი დასაყრდენი და სტიმულატორი სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობაა.
“ოჯახის საქმეში რატომ ჩავერიო?“, “ცოლ ქმრის ამბავია და თვითონ მიხედავენ“, “ახლა პოლიციაში მარბენინე ჩვენების მისაცემად“, “მოგვარდებიან თვითონ, ცხვირს ნუ ჩაყოფ“ _ თითოეული ჩვენგანი, რომელიც ამ ფრაზას წარმოთქვამს ან გულში გაივლებს, ავტომატურად მოძალადის კომპანიონი ხდება…
ჩვენ ყველამ უარი უნდა ვთქვათ თანამოძალადეობაზე…

“ხელი ჩაწიე, ჩმორო!“

ჟარგონებს ვერ ვიტან… არ ვუჩლიქავ ენას “სვეწსკურად“, არ ვაგრძელებ სიტყვებს ხელოვნურად და არასდროს ვლაპარაკობ “არ შემილიათი“ ძ-ს გარეშე…
მაგრამ იმ დღეს, თუ რამე ცუდი და დამამცირებელი შინაარსის ჟარგონი მქონდა გაგებული, ყველაფრის თქმა მომინდა… კონსერვატორიასთან თვალი მოვკარი მოძალადეს… ოდესღაც ჩემი მეგობრის ქმარს… იმ საშინელი ზაფხულის შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა, აღარსად შემხვედრია… როცა დავინახე, მინდოდა მივსულიყავი და ძალიან საზიზღარი სახის გამომეტყველებით მეთქვა _ “შე, ჩმორო!“
თვალი ამარიდა, გატრიალდა და წავიდა… სამეზობლომ, საახლობლომ, სამეგობრომ უკვე გამოუტანა ყველაზე მძიმე განაჩენი…
ქუჩაში ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით ვეღარ დადის…

სტატუსის გარეშე

ის ძალიან ლამაზია… ცისფერთვალება და ქერათმიანი… მთელს თბილისს იცნობს… და ნახევარ საქართველოს… აქედან ნახევარზე მეტი მისი მადლიერია… ბოლო 10 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებს იცავდა… ყოველთვის ყველაზე საშიში მოვლენების ეპიცენტრში იდგა…
მაგრამ, მან ვერ შეძლო საკუთარი უფლებების დაცვა… ადამიანი, რომელიც სხვების უფლებებს იცავდა, თავად იყო ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში…
ძალადობას სტატუსი არ აქვს… თითოეული ჩვენგანი პოტენციური მსხვერპლია… ამიტომ, ნურასდროს დაგვავიწყდება, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენს თავს ხდება…

ინიციალების გარეშე

“დიახ, მე გახლდით ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი და ამას ვამბობ ხმამაღლა! ჩემთვის, ამ დღეებში მედიისთვის თვალის დევნება იყო უმძიმესი, იმიტომ რომ ყველა ამ ისტორიაში საკუთარ თავს ვხედავდი… არცერთი ღამე არ მძინებია და ვფიქრობდი, ნუთუ ამ ახალგაზრდა ქალბატონებს არავინ ჰყავდათ გვერდში მდგომი, ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ტრაგედიისგან თავის არიდება?
ვფიქრობდი და ყოველ წამს ვხვდებოდი, რომ მე უბედნიერესი ადამიანი ვარ და ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვისთვისაც ჩემი არსებობა ძვირფასი აღმოჩნდა, ვისთვისაც ძვირფასი იყო ადამინის სიცოცხლე რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს!!!“
დიახ, ჩემმა მეგობარმა საჯაროდ, ყველას გასაგონად, ინიციალების გარეშე თქვა ეს ყველაფერი და მე ვიყავი ძალიან ამაყი…

ორი სიტყვა სამართალდამცავებზე

პოლიციის კრიტიკა მოდაშია, საზოგადოებაშიც და მედიაშიც… ჩვენ ყველანი ამ მოდის მიმდევრები ვართ და ზოგჯერ სამართლიანობის გრძნობას ვკარგავთ, ზოგჯერ მადლიერებისაც… მხოლოდ ორი სიტყვით ვიტყვი, დღეს ჩემი მეგობარი თავისი შვილების და ჩვენს გვერდით რომ არის, სამართალდამცავების დამსახურებაა… კონკრეტულ ადამიანებს არ დავასახელებ, არაა მოდაში (აქ ღიმილის აღმნიშვნელი “სმაილიკი“).

მე მაპატიეთ…

ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ქალს, რომლებზეც წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თუკი ოჯახურ ძალადობას თავს ვერ აღწევდნენ, ეს მათი არჩევანი იყო… რომელთა უნიათობის (კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, მაშინ ასე ვფიქრობდი) მიმართ აგრესია უფრო მეტი მქონდა ვიდრე თანაგრძნობა. მე მაპატიეთ, რომ ეს საშინელება მანამ ვერ გავითვიცნობიერე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თავად არ დამატყდა თავს ეს ყველაფერი…

დასასრულის ნაცვლად

_ ოჯახურ ძალადობაზე ბლოგის დაწერა მინდა და შეიძლება შენი ისტორია მოვყვე?
_ რა თქმა უნდა, დაწერე ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლი. ყველას მოუყევი, მე როგორი საუკეთესო მეგობრები მყავს….
_ მადლობა

შენიშვნა: ფოტოს დიზაინი მარიამ მურადაშვილი