უპრეცედენტო პროცესი – საქალაქო სასამართლო საკუთარი თავის წინააღმდეგ!

8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოშივე, საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უნდა განიხილოს.

 სასამართლოს მიერ ინფორმაციის დაბლოკვა და მის გაცემაზე უარი ადვოკატებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისა და კლიენტის სამართლებრივი დაცვის საშუალებას არ აძლევს. უფრო მეტიც, ადვოკატებს იმ საქმეთა გაცნობის საშუალებაც კი არ ეძლევათ, რომლებიც პირდაპირ ეხება მათი დაცვის ქვეშ მყოფებს.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც უფლებადამცველმა და ადვოკატმა, მანანა კობახიძემ საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ის ინფორმაცია კი, რასაც საქალაქო სასამართლო ასე დაჟინებით მალავს და რომლის გამოც მზადაა საკუთარი თავის წინააღმდეგ პროცესიც აწარმოოს, გახმაურებული საქმის გაუხმაურებელ დეტალებს ეხება.

2010 წლის 2 ივნისს ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასიათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს. თავისი მოსაზრება კი იმით გაამყარეს, თითქოს ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს.
ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს ფულთან ერთად, 220 კილო კოკაინი მართლა რომ აღმოეჩინათ.

ვერამოღებული „კოკაინის“ მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეორე დღესვე დაიგეგმა ბრიფინგი. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის სახელით, პირდაპირ ეთერში გამოუტანა ვერდიქტი საქართველოს 6 მოქალაქეს: ნუგზარ ბოჭორიშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილს, მევლუდ სვანიძეს, ანასტასია ზაუტაშვილს, რომა მესუმიანსა და თემურ გავაშელიშვილს.

ამ დროისთვის, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ნარკოკარტელსა და დანაშაულებრივ ჯგუფზე საუბრობდა, ქართველი სამართალდამცავების მიერ ამოღებული ერთადერთი მტკიცებულება ნუგზარ ბოჭორიშვილის სათბურიდან ამოღებული ფული იყო.
ამოღებული თანხის, მილიონ შვიდასიათასის მფლობელი, ნუგზარ ბოჭორიშვილი საბერძნეთის მოქალაქეა, რომლის დაკავებაც ქართველმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს. მაგრამ ის ხუთი ადამიანი, რომლებიც დააკავეს, ბოჭორიშვილის ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები არიან.
მაგრამ ნარკოკარტელის ამ გატელევიზორებულ საქმეს, წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები უძღოდა – ნუგზარ ბოჭორიშვილისა და მისი დეიდაშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის გატაცება თანხის გამოძალვის მიზნით.

ორ ადამიანს, ლევან ღვინიაშვილსა და გრიგოლ კომახიძეს ისეთ მძიმე დსანაშაულში ედებათ ბრალი, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა.

ყველაზე უცნაური ისაა ამ ისტორიაში, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის გამოც ორი ადამიანი სასჯელს იხდის, დაზარალებული არ ჰყავს. არადა, გატაცებული ადამიანების ვინაობა ცალსახადაა დადგენილი და ფულიც გამოძალულია.

მანანა კობახიძე (ადვოკატი): როდესაც ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმეში ჩავერთე და განაჩენს გავეცანი, იქ მითითებული იყო, რომ ლევან ღვინიაშვილმა და გრიგოლ კომახიძემ გაიტაცეს ბოჭორიშვილი და ჩეჩელაშვილი და გამოსძალეს დიდი ოდენობით თანხა. ამავე განაჩენის მიხედვით, ისინი ამბობდნენ, თოთქოს ნუგზარ ბოჭორიშვილი თავად გაენდო იმაში, რომ ნარკოტიკების ვაჭრობით იყო დაკავებული. გატაცების მოტივაციადაც სწორედ ეს სახელდება და ამაზე აპელირებენ პროკურატურის მთავარი მოწმეებიც – ლევან კოჩაძე და შოთა პირველი. როგორც ადვოკატს, ცხადია, გამიჩნდა სურვილი, ეს ხალხი მოწმედ დამეკითხა, რამდენად მართალი იყო მათი ჩვენებები. თან, ეს საქმე შინაარსობრივად, პირდაპირ უკავშირდება ბოჭორიშვილისა და ნარკოტრეფიკის საქმეს. მაგრამ რადგან ღვინიაშვილი-კომახიძის საქმე ცალკეა, საჭირო გახდა ამ საქმის გამოთხოვა სასამართლოდან.

თბილისის საქალაქო სასამრთლოს თავმჯდომარეს, მამია ფხაკაძეს საქმის გაცნობის მოტივით, რამდენიმე წერილით მივმართე. მოთხოვნაზე იმ მოტივით მითხრეს უარი, – მხარე არ ხარ და ვერ გაგაცნობთო.

შემდეგ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მივმართე, რომ მოეცათ როგორც საჯარო, მაგრამ პერსონალურ ინფორმაციად განკუთვნილი ინფორმაცია. ანუ, საქმის მასალიდან მხოლოდ ის ნაწილები გაეცნოთ ჩემთვის, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე იქნებოდა საუბარი.“

ამგვარი ინფორმაციის მიღების უფლებას იძლევა არა მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არამედ საქართველოს კონსტიტიციის 41-ე და ევროკონვენციის მე-8 მუხლი.

მას შემდეგ, რაც მანანა კობახიძემ მინდობილობა მიიტანა, რომლის საფუძველზეც ის მხარეს წარმოადგენდა, საქალაქო სასამართლომ ახალი პასუხი გასცა – ეს საქმე ღვინიაშვილისა და კომახიძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და იმათი თანხმობის გარეშე ვერ გაგაცნობთო“.

ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს სერიალი „დეტექტივები“, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით გადიოდა. სხვა დანარჩენ გახმაურებულ საქმეებს შორის ფილმი ნარკოტრეფიკის საქმეზეც მომზადდა და ყველა გმირის იდენტიფიცირება მოხდა, თანაც მაშინ, როცა პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მაშინ არავის უფიქრია არც პერონალური ინფორმაციის გასაიდუმლოებასა და არც უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

საინტერესოა, რეჟისორსა და სცენარისტს ვინ გააცნო მაშინ საქმის მასალები და ვინ მიაწოდა პერსონალური ინფორმაცია? ეს ან პროკურატურას უნდა გაეკეთებინა ან სასამართლოს, რადგან მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინიაშვილსა და კომახიძეს ასეთ მძიმე დანაშაულში დასდეს მსჯავრი, მათ საპროცესო გაუფორმეს (ოფიციალურად 500 000 ლარი დააკისრეს) და თავისუფლების აღკვეთა 4-5 წლით შეუფარდეს. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. ბოჭორიშვილი და ჩეჩელაშვილი არათუ დაზარალებულის, მოწმის სტატუსითაც კი არავის დაუკითხავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრი კითხვა, თუ რატომ ასაიდუმლოებს სასამართლო ამ ინფორმაციას, აღარ რჩება.

მანანა კობახიძე: „თუ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული, მაშინ ამიხსნან რატომ ზიან ციხეში კომახიძე და ღვინიაშვილი? რატომ გადაახდევინეს მათ საპროცესო ნახევარი მილიონის ოდენობით? მართალია, მე ბოჭორიშვილის ადვოკატი ვარ, მაგრამ როგორც უფლებადამცველი, ვითხოვ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან როგორც უკანონო პატიმრების! თუ დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ დაზარებულები სად არიან? დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმეში ბევრი ისეთი ბუნდოვანი დეტალია, რის გამჟღავნებაც სასამართლოს არ სურს და არ არის გამორიცხული, ამას პროკურატურის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდეს.“

საქალაქო სასამართლოს კანცელარიამ ამ გასაიდუმლოებული საქმის მასალების გაცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ადვოკატმა საქმე სასამართლოს თავმჯდომარესთან გაასაჩივრა. საჩივარი ადმინისტრაციული წარმოების წესით სასამართლოს მენეჯერმა განიხილა, იმსჯელა კიდეც და არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, მანანა კობახიძემ საქალაქო სასამართლოს წინაღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა, რადგან კანონში რაიმე ნორმა, რომლითაც მთელი სასამართლოს აცილება შეიძლება, არ მოიპოვება.

მანანა კობახიძე: „რა თქმა უნდა, არანაირი იმედი არ მაქვს და არც იმის ილუზია, რომ ამ საქმეს წარმატებით დავასრულებ ქართულ სასამართლოებში, რადგან საქართველოში ერთი მოსამართლეც კი არ მეგულება, რომელიც ამ საქმეს მიუკერძოებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ ევროსასამართლოს და ღრმად ვარ დარწმუნებული, იქ ძალიან სერიოზულად იმსჯელებენ ამ საკითხზე.“

ევროსასამართლომდე კი ამ საკითხზე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს ისევ საქალაქო სასამართლოში.

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s