ქართული სპეცრაზმი და მედიატერორი საქართველოში

      ყველანი დაწექით ძირს!  პირით კედლისკენ!..  

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტელეკომპანია «მაესტროში» მიმდინარე მოვლენებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რა ხდება რეალურად «მაესტროში», საქმე გვაქვს შიდა დაპირისპირებასთან თუ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ მედიაზე ზეწოლის ფაქტთან?!
პირველი სრულიადაც არ გამორიცხავს მეორეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლების მედიასთან ბრძოლის მეთოდები თითქმის უცვლელია. ჩვენ «მაესტროს» საკითხს ისევ დავუბრუნდებით და შევეცდებით, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა  კი  წარსულს გადავხედოთ.

«ვარდების რევოლუციიდან» ძალზე სწრაფად, ხელისუფლება ამბობს, იმეორებს და ავრცელებს სიცრუეს;. ხელისუფლების მეგასიცრუე ქართველი ხალხის ნაწილმა თითქმის დაიჯერა, რადგან იგი (ხელისუფლება) თავგამოდებული ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ, რაც ხდება დემოკრატიაა, ქონების უფლების, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა!

რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების დაცვას, სტატისტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, სიტუაციით ტკბობის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ, საქართველოში დაიხურა ტელევიზიები: «იბერია»; «მე-9 არხი»; ტელეკომპანია «202»; «მზე». ტელეეთერიდან გაქრა პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური თოქ-შოუები და ჟურნალისტური გამოძიებები…

რაც შეეხება ტელეკომპანია «იმედს», ის, უბრალოდ, კი არ დაიხურა, ქართულმა სპეცრაზმმა შტურმით აიღო!

დახურული ტელევიზიებიდან ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხებზე გადაბარგდნენ და მათი მოტივაციაც ამასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი გახლავთ.

ვერ გეტყვით, შეიძლება თუ არა რაიმე მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ხელკეტებითა და კონდახებით მომარჯვებული ხელისუფლება იატაკზე აწვენს; ვერც იმას გეტყვით, სად გადის მავანთათვის ზღვარი ჟურნალისტობასა და კეთილდღეობას შორის…

ჩვენ, უბრალოდ, იმ ჟურნალისტების გამოკითხვის აქტებს შემოგთავაზებთ, რომელიც 2007 წლის 14 ნოემბრით თარიღდება.

ამ ჟურნალისტებიდან, ტელეკომპანია «იმედში» 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, აღარავინ მუშაობს. თუმცა, დღემდე თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ მაშინდელ «იმედში» არასდროს ყოფილა ცენზურა და არც მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარეულა ვინმე.

სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ საუბრობს იმ ცენზურასა თუ თვითცენზურაზე, რასაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში გრძნობენ.

არადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1415  რეზოლუცია და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დარჩენილი მედიის საქმიანობას საქართველოში აფასებს ეპითეტით _ «თვითცენზურული»…

«ჩვენ არავის მონები არ ვართ, ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვართ და არავის წინაშე არაფერი დაგვიშავებია…»

თეა ადეიშვილი (ჟურნალისტი): «დაახლოებით, 9:45 წუთზე მე და ჩემი კოლეგები: ზაზა წულაძე, მაია ასათიანი და თიკო ფეიქრიშვილი ბუფეტში საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდით, როცა შენობაში საშინელი ხმაური ატყდა. ამოვვარდი შენობის პირველ სართულზე მთავარ შესასვლელთან, სადაც დაბნეული და შეშინებული ხალხი უკვე თავშესაფარს ეძებდა. ოპერატორები კამერების მოსატანად გარბოდნენ. ჩემ თვალწინ შენობაში შემოვარდა შავ ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ნიღბოსანი. თავზე რკინის ჩაფხუტებით, გრძელი ხელკეტებით და ავტომატებით. რამდენადაც მახსოვს, მათ ჰქონდათ ფარნები და ფეხზე შებმული მწვანე იარაღი, სავარაუდოდ, დანები. ყველანი შეგვყარეს არქივისა და «ნიუს რუმს» შორის მდებარე კორიდორში და ძირს დაგვაწვინეს. ჩვენ წინ, დაახლოებით, კბილებამდე შეიარაღებული 10 სპეცრაზმელი იდგა. ზოგიერთი მათგანი ოთახში დარბოდა, ზოგს კი მიზანში ვყავდით ამოღებული და გვიყვიროდნენ, რომ არ გავნძრეულიყავით. ჩვენ მათ ვთხოვდით, რომ არაფერი დაეშავებინათ ჩვენთვის, რომ ჩვენც ქართველები ვიყავით და ჩვენ უკან ჩვენი შვილები და ოჯახები იყვნენ. ისინი გვიბრძანებდნენ, გავჩუმებულიყავით. დაიწყეს ტელეფონების ძალით წართმევა.

…ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: «ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედაო»… დავინახე, როგორ შემოცვივდნენ ოთახში პანიკაში ჩავარდნილი «ქრონიკის» თანამშრომლები, უკან სპეცრაზმელები მოსდევდნენ «ბადრის მონების» ძახილით.

ერთ-ერთ მათგანს _ ანი იასაშვილს ასთმის შეტევა ჰქონდა და წამალს ითხოვდა. ჩვენ ვეხვეწებოდით სასწრაფო მოეყვანათ, გოგონას უკვე სუნთქვა უჭირდა, თუმცა, შეიარაღებული ნიღბოსნები განძრევის უფლებას არ გვაძლევდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შენიშნა, რომ ანის სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ იდგა და ნება დართო მისთვის წამალი მიეცათ. გოგონა შოკში იყო და ისტერიულად ეძებდა ასთმის საწინააღმდეგო წამალს სხვადასხვა ჩანთაში. მე ამ დროს უკვე სკამზე ვიჯექი ანის გვერდით, ჩვენთან ერთად თამუნა ჩიხლაძე იყო, რომელიც ცდილობდა ანის დახმარებოდა. მახსოვს, როგორ მოძებნა წამალი. ანი ნიღბოსნების თანხლებით გარეთ გაიყვანეს. მითხრეს, რომ შემეძლო გარეთ გავსულიყავი.

… ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. «ნიუს რუმში» იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორის იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი _ დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები «ბადრის მონებოს» ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ხმამაღლა დავიწყე ახსნა, რომ ჩვენ არავის მონები არ ვართ, რომ ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვართ და არავის წინაშე არაფერი დაგვიშავებია…»

მაია ასათიანი (ჟურნალისტი): «2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით, 20:45 წუთზე ვიმყოფებოდი ტელეკომპანია «იმედის» სასადილოში.

უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ, პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ, ისევ უკან, სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით, ეგრეთ წოდებული, სპეცრაზმელები მომყვებოდნენ. სასადილო ოთახში ამ დროისთვის დაახლოებით 10 ადამიანი იმყოფებოდა. ჟურნალისტები მათ შორის, მე და ზაზა წულაძე ვიყავით.

სასადილოში შემოსვლისთანავე, საშინელი ყვირილით ყველას მოგვთხოვეს, დავწოლილიყავით იატაკზე. მე შევეცადე სამზარეულოში დავმალულიყავი, მაგრამ ავტომატით შეიარაღებულმა სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა ყვირილით მოითხოვა, ყველა ადგილზე გაჩერებულიყო. ამის შემდეგ, სამზარეულოდან სასადილო ოთახში გაგვიყვანეს და ხმამაღლა მოითხოვეს იატაკზე დავწოლილიყავი. გავხდი შეუძლოდ. ამივარდა ტირილი. სასადილოს ერთ-ერთ თანამშრომელს სპეცრაზმელმა უფლება მისცა ჩემთვის წყალი მოეწოდებინა. ნება მომცეს, იატაკზე ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ამ დროს ტელეკომპანიის ბარში ჩამოკიდებულ ტელევიზორში ვხედავდი, რომ «იმედი» ჯერ კიდევ ეთერში გადიოდა. თუმცა ვინ იყო კადრში, ეს, სამწუხაროდ, არ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, რომ მაუწყებლობა გამოირთო…»

ლევან ვეფხვაძე («დროების» ყოფილი პროდიუსერი): «7 ნოემბერს ვიმყოფებოდი სამსახურში. დაახლოებით, 8:30 შევედი პოლიტიკური პროგრამების დირექტორის ოთახში…

დაახლოებით 10 წუთში, ჩვენი თანამშრომლების ერთი ჯგუფი ყვირილით _ «ტელევიზიაში სპეცნაზი შემოვარდა», გაიქცა კინოსტუდიის ფლიგელისკენ… მე გამოვედი დერეფანში და დავაპირე ქვევით, მეორე სართულზე ჩასვლა. თუმცა კიბის უჯრედიდან მკაფიოდ ისმოდა შეძახილები «ყველანი დაწექით ძირს». მე შევჩერდი და შევედი გიორგი თარგამაძის მისაღებში, სადაც ჩართული იყო ტელევიზორი და ჩვენს ეთერში დავინახე, როგორ დაჯდა გიორგი თარგამაძე პირდაპირ ეთერში და დაიწყო საუბარი.

ამ დროს უკვე მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი «ყველანი ძირს» და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი სპეცრაზმელის ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. პირველი შეძახილი იყო _ «დროზე, იატაკზე დაწექით»! რა უნდოდათ ჩვენგან, ან რატომ უნდა დავწოლილიყავით იატაკზე, მათ არ განგვიმარტეს. თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ დერეფანი იყო ვიწრო, მათი ბრძანება «დაწექით» შეიცვალა _ «კედელზე!» «პირით კედლისკენ!». მე დავემორჩილე მათ ბრძანებას და შევტრიალდი კედლისკენ. ამ დროს ოთახებიდან გამოიყვანეს თანამშრომლები. ჩემ გვერდით აღმოჩნდა რეჟისორი დათო კიკვაძე მარჯვნიდან. ხოლო მარცხნივ, მეორე კედელზე იყვნენ რუსუდან ცხომელიძე და ლიზი ვაჩნაძე. რუსუდან ცხომელიძე შავფორმიანი ნიღბოსნებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ იყო იგი კედელზე მიყენებული, მაგრამ პასუხად ისმოდა _ «მოკეტე».

… მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი, როგორც ჩანს, უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემ გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალმა შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა «ნუ იყურები!» როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით, 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკი და მითხრა: «ხომ იცი, რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე». «თუ ამით რამე გვეშველება, კი, ბატონო», _ ვუპასუხე. ამ დროს მუდმივად მესმოდა შეძახილები «სად არის კამერების ოთახი, სად არის მე-4 სართულზე ასასვლელი, სად არის არქივი?»

ლევან ჯავახიშვილი (ჟურნალისტი): «2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 9 საათზე, ჩემს კოლეგასთან, სოფო მოსიძესთან ერთად პირდაპირ ეთერში მიმყავდა საინფორმაციო პროგრამა. გამოშვების რეჟისორმა გვაუწყა, რომ შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა, რაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გადავეცით.

მოგვიანებით, სტუდიაში შემოვიდა გიორგი თარგამაძე, რომელმაც პირდაპირი ეთერი გააგრძელა. ჩვენ, მე და სოფო მოსიძე შევედით საეთეროში, სადაც ჩვენი კოლეგები იყვნენ. საეთეროში პანიკა იყო ატეხილი. გოგონები ნერვიულობდნენ. ცოტა ხანში საეთეროს კარში ბრახუნი გაისმა, შემდეგ კი კარი შემოამტვრიეს და დაიყვირეს _ «ყველანი მიწაზე დაწექითო.»

უცებ საგრიმიოროდან საეთეროში, ვიზაჟისტი ნათია ქარქაშაძე ცემა-ცემით შემოათრიეს და ძირს დააგდეს. მას აგინებდნენ. სპეცრაზმელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით. იგინებოდნენ და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ჩვენკენ იშვერდნენ. დაახლოებით, 15 თანამშრომელი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე ჰყავდათ დაწვენილი ისე, როგორც მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდა _ «თქვე ბადრის პუტანკებოო». მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: «დაგენძრათ ბადრის ლეკვებოო», თან ავტომატის კონდახი მომიღერა.

მოგვიანებით, შენობიდან გარეთ ეზოში გამოგვიყვანეს და ტერიტორიის დატოვება გვიბრძანეს. ჩვენ დავემორჩილეთ. ლუბლიანას ქუჩა ჩაბნელებული იყო. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლები იდგნენ. ქუჩაში გამოსვლისას ვიკითხე, მანქანას გამატანთ თუ არა-მეთქი. რაზეც მიპასუხეს _ არაო. როდესაც ლუბლიანას ქუჩაზე გამოგვიყვანეს, კარები ჩაგვიკეტეს, უცებ გინება და სროლის ხმა გავიგე. ლუბლიანას ქუჩაზე სპეცრაზმი, ე.წ. რობოტები იდგნენ, რომლებიც ჩვენს დასარბევად გამოემართნენ. მე გაქცევა ვერ მოვასწარი, ორი ტყვია (რეზინის) ფეხებში მომხვდა. როცა შემოვტრიალდი და გავიქეცი ორი (რეზინის) ტყვია ზურგში მომარტყეს, თან გვაგინებდნენ. საავადმყოფოებამდე გვდიეს, დაახლოებით, 10-12 წუთი. თავს დიღმის მანქანის ბაზრობაზე გაქცევით ვუშველე…»

P.S. როდესაც, «იმედის» დარბევის შემდეგ, საქართველოში ტელევიზიის აღდგენის მიზნით ცნობილი უფლებადამცველი ადამ მიხნიკი ჩამოვიდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც მან მედიისთვის მოაწყო, განაცხადა: «იმედის» ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ არის. მოითხოვეს კონკრეტული პირების დასახელება. მუქარა კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ პირებს თავიანთი თავის დასახელების შეეშინდებათ. სიმართლე გითხრათ, პასუხი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პოლონეთშიც ასე ხდებოდა. მაგრამ, ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, «დემოკრატიისთვის ბრძოლა ნევის პროსპექტზე სეირნობა არ არის». ბუნებრივია, იქნება მუქარაც და იქნება ზეწოლაც _ მაგრამ, ვისაც დემოკრატიისთვის ბრძოლა გადაუწყვეტია, ამასაც უნდა გაუძლოს და უარესსაც!»

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s