კუბლაშვილის საჩუქრები…

კუბლაშვილი, 2000 წელს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ღარიბი ჩინოვნიკი   იყო …   

 

ცოლის დის »ნაჩუქარი»   ბინა ბუკიას ბაღში…  

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი, ქართულ პოლიტიკაში შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში გამოჩნდა.
კუბლაშვილი 1973 წელს, პატარა ქალაქ ტყიბულში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. არის ჰანოვერის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.

ახალგაზრდა რეფორმატორი კუბლაშვილი, 2000 წელს, შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ღარიბი ჩინოვნიკია. მას, თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჰქონდა 15 ათას დოლარად შეფასებული, 53 კვმ. ფართობის ბინა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 1992 წელს მშობლების დანაზოგი 20 ათასი რუბლით შეიძინა. მისი მეუღლის, მარინა მესხის დეკლარირებულ ქონებას კი 2 500 დოლარად შეფასებული პერსონალური კომპიუტერი «ტოშიბა» წარმოადგენდა. მხოლოდ ამ ქონების შეტანა მოახერხა პირველ დეკლარაციაში კუბლაშვილების ოჯახმა.
2001 წელს, რეფორმატორად წოდებული მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, კუბლაშვილი სააკაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სწორედ 2001 წელს უკავშირდება მისი ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციის ბუნდოვანებით მოცული დეტალები.

საჩუქარი I

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, ამბობს, რომ 2001 წელს კოტე კუბლაშვილის მკურნალობისთვის 15 ათასი მარკა გაიღო.

ქიბარ ხალვაში: «იმ დროისთვის მე თბილისში ვსაქმიანობდი. ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის მეგობარს, კოტე კუბლაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მის დასახმარებლად გარკვეულ თანხას აგროვებდნენ. ჩვენმა კომპანიამ, იმ დროისათვის, დაახლოებით 15 ათასი მარკა გაიღო».

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ამ 15 ათასი მარკის შესახებ დეკლარაციაში არანაირი ჩანაწერი არ გააკეთა.

დიმიტრი გაბუნია (იურისტი): «2001 წელს მოქმედებდა 1998 წლის კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.

მე-5 მუხლის რეგულაციაში შედიოდა ცნება _ «საჩუქარი», ნაწილობრივ ან უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გარკვეული ქონების ან ქონებრივი სარგებლის მიღების თაობაზე. ქონებაში, ბუნებრივია, ფულადი სახსრებიც მოიაზრებოდა. ზღვრული ოდენობა იყო საარსებო მინიმუმის ოცმაგი ოდენობა.

2001 წელს, ისევე როგორც დღეს, საარსებო მინიმუმი რომ გადავამრავლოთ 20-ზე, მიღებული თანხა ნამდვილად არ აღემატება 15 ათას მარკას. ანუ შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ისევე როგორც 2001 წელს, ასევე ახლაც, 15 ათასი მარკა დასაშვებ ოდენობაზე გაცილებით მეტია, რაც შეიძლება თანამდებობის პირმა მიიღოს ერთი წლის განმავლობაში საჩუქრის სახით».

2001 წლის საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, 15 ათასი გერმანული მარკა, მინიმუმ 70-ჯერ აღემატებოდა საჩუქრის ღირებულების კანონით დაშვებულ ოდენობას.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ თანხა, რომელიც კოტე კუბლაშვილს მაშინდელმა მეგობარმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეუგროვა, გაცილებით მეტი იყო.

ქიბარ ხალვაში: «მაშინ, დაახლოებით, 200 ათასამდე შეგროვდა. როგორც ვიცი, ორგანიზატორი იყო ოქრუაშვილი. სხვა ვინ იყო გადამხდელი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი წილი ეგ იყო».

დიმიტრი გაბუნია: «ნებისმიერი ხარჯი თუ თანხა, ეს იქნებოდა ქონებრივი სარგებლის შეღავათიანი პირობით თუ ფულადი სახით, გადაცემული თანამდებობის პირისთვის, მიიჩნეოდა და მიიჩნევა საჩუქრად, მიუხედავად მისი დანიშნულებისა _ ეს იქნება მკურნალობა თუ სხვა მიზნები. შესაბამისად, ნებისმიერი საჩუქარი უნდა აისახოს დეკლარაციაში. სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლით ეს ქმედება იყო დასჯადი. ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა ან მასში არასწორი მონაცემების მითითება ისჯებოდა საზოგადოებრივი გამასწორებელი შრომით ან თანამდებობის ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე».

საჩუქარი II

მომდევნო საჩუქარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ დაუმალავს: 2004 წლის დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, მარინა მესხს, მისმა დამ, მაია მესხმა, საჩუქრად გადასცა ბინა ბუკიას ბაღში მშენებარე სახლში. 20 ათას რუბლად ნაყიდი ბინის გარდა, კონსტანტინე კუბლაშვილის ოჯახი გახდა მესაკუთრე კიდევ ერთი ბინისა, რომელიც პრესტიჟულ უბანში, ისტორიული ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობდა და დეკლარაციაშიც საკმაოდ სოლიდურად _ 100 ათას ლარად შეაფასეს. ანტიკორუფციული კანონმდებლობა თანამდებობის პირს უფლებას აძლევს, განუსაზღვრელი ოდენობით მიიღოს საჩუქარი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან. შესაბამისად, ეს საჩუქარი დეკლარაციაში თვალსაჩინოდ იქნა აფიშირებული. თუმცა, იმ დროისთვის კუბლაშვილს ამ ბინის დეკლარირების ფორმალური ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან ჩუქების სამართლებრივი პროცედურები არ იყო გახორციელებული ანუ ქონება მის ოჯახს ოფიციალურად არ ეკუთვნოდა. მომდევნო წლების დეკლარაციებში ცოლის დის ნაჩუქარი ქონების შესახებ კუბლაშვილმა რამდენიმე ურთიერთგანსხვავებული ჩანაწერი შეიტანა.

ამ ჩანაწერების შესახებ აუდიტმა ირაკლი შავიშვილმა თავისი შეხედულება გაგვაცნო.

ირაკლი შავიშვილი: «ცოტა უცნაური მომენტი არის ამ დეკლარაციებში ასახული. 2004 წელს ის უთითებს, რომ ეს ბინა მისმა მეუღლემ თავისი დისგან მიიღო ჩუქებით, ოღონდ დოკუმენტების გაფორმება ჯერ არ არის დასრულებული და მიწერილი აქვს დეკლარაციაში, რომ დოკუმენტების გაფორმების დასრულებისთანავე, შესაბამისი დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი. 2005 წელს გვაქვს ორი დეკლარაცია. აქედან ერთში, იგი ისევ უთითებს, რომ ბინა არის ჩუქებით მიღებული, მეორეში _ ფლობისა და სარგებლობის უფლებით. 2006 წელს ის ისევ უთითებს, რომ ბინა აქვს ჩუქებით მიღებული».

ბინის გადაფორმების ნოტარიული წესების ორი წლის განმავლობაში გაწელვა, მაშინ, როდესაც ამ ფორმალობისთვის რამდენიმე საათიც საკმარისია, ირაკლი შავიშვილის აზრით, შესაძლოა, ქონების გადასახადის ვალდებულებას უკავშირდებოდეს.

ირაკლი შავიშვილი: «2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი და ქონების გადასახადი დაუკავშირდა პირის შემოსავალს. ამდენად, შეიძლება 2004 წელს მან თავისუფლად მიუთითა, რომ ქონება იყო მის საკუთრებაში ჩუქებით მიღებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2005 წელს ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, მას გაუჩნდებოდა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

მაგრამ გადახდის ვალდებულება მას გაუჩნდებოდა იმ ქონებაზე, რომელიც მის საკუთრებაში იყო. ამიტომ ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ როდესაც მან ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება მიუთითა, მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით და ამით თქვა, რომ ეს ქონება არ არის მის საკუთრებაში, რის გამოც, მასზე ქონების გადასახადს არ იხდის».

ბინის ჩუქების საკითხს კიდევ ერთი მხარე აქვს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბუკიას ბაღში მიწის ფართობი და შენობა კუბლაშვილის ცოლისდამ 2001 წელს შეიძინა, მაშინ, როცა იგი 26 წლის იყო და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ბიოგრაფიული მონაცემებით იგი ვანის რაიონის სოფელ ამაღლებიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი საქმიანობა მხოლოდ სწავლა-განათლების მიღებით შემოიფარგლებოდა და არანაირ სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.

და ერთიც, კუბლაშვილის ცოლისდის სახელზე, საჯარო რეესტრში ბუკიას ბაღის მიწის ფართობი სწორედ იმ წელს დარეგისტრირდა, როცა კუბლაშვილის ჯანმრთელობით შეშფოთებული ქართული საზოგადოება მის დასახმარებლად ფულს აგროვებდა.

26 წლის ცოლისდის მიერ შეძენილი ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი _ 180 კვ/მეტრი, 2004 წელს კუბლაშვილების ოჯახის ოფიციალურ მფლობელობაში გადავიდა.

2004 წელს, მაია მესხის მიერ კუბლაშვილისთვის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, დღეს თვალსაჩინო ოთხსართულიანი შენობაა. კუბლაშვილის დეკლარაციაში არანაირი ჩანაწერი და მონაცემი, თუ რა თანხით აშენდა და გარემონტდა ეს ყველაფერი, არ არსებობს.

დეკლარაციაში არც იმ იპოთეკის შესახებაა მითითებული, რომლითაც ეს სახლი 2006 წელს დატვირთული იყო «თი ბი სი ბანკში», რის საფუძველზეც, კრედიტის სახით, მაია მესხის სასარგებლოდ, 100 ათასი დოლარი გაიცა.

დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ დეკლარაციის შემვსებ პირს აღნიშნული იპოთეკის შესახებ აუცილებლად უნდა მიეთითებინა.

დიმიტრი გაბუნია: «დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება უძრავ ქონებას, ამ შემთხვევაში იპოთეკას. ეს იპოთეკა აუცილებლად უნდა იყოს ასახული იმის მითითებით, თუ რა სახის სესხის, რა ვალდებულების უზრუნველყოფის ქვეშ იქნა დატვირთული ეს იპოთეკა, რადგან იპოთეკა ვალდებულების გარეშე არ არსებობს. ეს მონაცემი, საჯარო რეესტრის ამონაწერი კონკრეტულ ქონებასთან მიმართებაში, არის საჯარო. თუმცა, დეკლარაციაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული იპოთეკა».

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ამ ქონების შესაძენი თანხის წარმომავლობაზე კომენტარი არ გააკეთა.

შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, პარლამენტმა ანტიკორუფციული კანონმდებლობა ახალგაზრდა რეფორმატორ პოლიტიკოსთა ინიციატივით მიიღო. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირების სისტემის შემოღება.

თანამდებობის პირთა ქონების დეკლარირების მიზანი მათ შემოსავლებზე ეფექტური საზოგადოებრივი და სამართლებრივი კონტროლის გახორციელება იყო. თუმცა, შევარდნაძის პერიოდში სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

ახალგაზრდა რეფორმატორები ხელისუფლებისთვის ბრძოლის პერიოდში აცხადებდნენ, რომ კორუფციული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ანტიკორუფციული კანონმდებლობა მკაცრად ამოქმედდებოდა მათი გუნდის ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქონების შესაძენი თანხის წარმომავლობაზე კომენტარს არ აკეთებს.

Реклама

2 комментария

  1. ოჰ კარგით რა, ნამეტანიც არ შეიძლება, ის 15 000 და 200 000 რომ არ ეჩუქებინათ, ცოცხალი არ იქნებოდა ახლა, რას ქვია უფლება არ ჰქონდა? თუ უნდა დაედეკლარირებინა მხოლოდ, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ უნდა იყოს, როცა ძვირადღირებული საჩუქრის მირება ეკრძალება. პირდაპირ რომ კლინიკებისთვის გადაეხადათ, მაინც არაფულადი საჩუქარია. მოკლედ, იდიოტობაა ეგეთი შეზღუდვა.

    • katiee, ra tqma unda, saubaria imaze, rom deklaraciashi unda aesaxa da vfiqrob, amas iuristi kargad xsnis. cinaagmdeg shemtxvevashi, tanamdeboba unda datovebina. samartlebriv mxares rac sheexeba, kanonic da shezgudvac mati mxridan daicera da shesabamisad, valdebulebi ikvnen, sheesrulebinat. roca sxva adamianebs pasuxs agebineben kanonis cinashe, ar ekitxebian, ra motivit daargvies es kanoni, uchirdat da imitom moipares, tu ubralod, chvevea hqondat aseti…


Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s