გიორგი ტუღუში: „ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“

„რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადება იყო მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა!“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

ინტერვიუში ტუღუშმა დეტალურად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, პატიმართა სიკვდილიანობა ციხეში, მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა, გამოუძიებელი საქმეები და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალი ნდობა.


–ბატონო გიორგი, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ბოლოდროინდელ ანგარიშებს რომ გადავხედოთ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, თუნდაც ევროკომისრის ანგარიში ავიღოთ, საქართველოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელ ზღვარს ქვემოთაა ჩამოსული. თქვენ როგორ შეაფასებდით ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში?

–ევროკომისრის ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა, არსებობს ბევრი სხვა ანგარიშიც, მაგალითად „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის,“ ასევე „Human Rights Watch”-ის, “საერთაშორისო ამნისტიის,“ რომლებშიც ზოგადად ან კონკრეტულადაა განხილული ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში.
რაც შეეხება ბატონი ჰამარბერგის ანგარიშს, მინდა გითხრათ, რომ იმ ნაწილებში, სადაც საუბარია სასამართლო სისტემის საქმიანობაზე, მის მიერ მოყვანილი არაერთი დასკვნა და რეკომენდაცია ერთი-ერთზე ემთხვევა სახალხო დამცველის შეფასებებს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე. თუ ნახავთ სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრისა და 2010 წლის მთლიან ანგარიშს, ის პრობლემები, რომელიც ბატონმა ჰამარბერგმა ჩამოთვალა, ერთი ერთზეა ასახული.
ასევე, მინდა შევეხო კომისრის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ის პირდაპირ ციტირებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და ანგარიშს რამდენიმე მიმართულებით.
ბატონი ჰამარბერგი საკუთარ ანგარიშში ეხება პროკურატურისა და ადვოკატთა კორპუსის საქმიანობასაც. ხაზგასმით აქვს აღნიშნული პროკურატურის ძლიერ პოზიციაზე მთლიანად და მართლმსაჯულების სისტემაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ახალ საპროცესო კოდექსში, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ეს მდგომარეობა გამოსწორდა. მიუთითებს ასევე იმ პრობლემებზე, რომლებსაც დამცველები, ადვოკატები აწყდებიან არა მხოლოდ კანონმდებლობის მხრივ, არამედ პრაქტიკულ საქმიანობაში.
ანგარიშში მოყვანილი იყო გარკვეული საქმეები, რომელთა ნაწილი სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ანგარიშში მოხვდა, რომელშიც მივუთითებდით იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აშკარად დარღვეულია.
ზოგადად, სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს არ აფასებს, ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება და ზოგადად, სუსტი პოზიცია აქვს ბრალდებას საქმეში, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ყოფილიყო. ამაზე მინიშნებები ჰამარბერგის ანგარიშშიცაა გაკეთებული, თუმცა იქ საკმაოდ მცირე, ორი თუ სამი საქმეა მოყვანილი. 2009 წლის მეორე ნახევრის სახალხო დამცველის ანგარიშში ჩვენ მიერ შესწავლილი დაახლოებით 10 ასეთი საქმეა შეტანილი.

– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჰამარბერგთან გამამართლებელი განაჩენების მცირე რაოდენობა იმით ახსნა, რომ პროკურატურას ძალიან გამართული საქმეები მიაქვს სასამართლოში. სახალხო დამცველის აპარატს უამრავი საქმის შესწავლა უხდება. რამდენად რეალურია ბატონი კოტეს ეს განცხადება და როგორია თქვენეული რეალობა?

_ მინდა გითხრათ, რომ სახალხო დამცველის აპარატში პროკურატურის წინააღმდეგ საჩივარი ძალიან იშვიათად შემოდის. პროკურატურის ძირითადი პრობლემა ის გახლავთ, რომ ძალიან ხშირად, სხვადასხვა უკანონო ქმედებაზე, რომელსაც თანამშრომლები სასჯელაღსრულების სისტემაში თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ ახორციელებენ, გამოძიება ან დროში უსასრულოდაა გაწელილი, ან დაუსრულებელია, ან საერთოდ შეწყვეტილია. მსგავსი ფაქტების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს პროკურატურას და ამის გამო ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ მათ.
სწორედ სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რომელიც უფლებამოსილია გამოძიების სტადიაში ჩადენილი დარღვევები გამოასწოროს. როდესაც ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, მთელი პასუხისმგებლობა სასამართლოს ეკისრება.
რაც შეეხება გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობას, ერთი შეხედვით, სტატისტიკას თუ გადახედავთ, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ძალიან მცირეა. არ გამოვრიცხავ, პროკურატურას არანაირი სურვილი არ ჰქონდეს სასამართლოში ისეთი საქმე წაიღოს, რომელზეც მისთვის სასურველი შედეგი არ დადგება. ევროპის უმეტეს ქვეყნებში გამამტყუნებელი განაჩენები 90%-ზე მეტია, თუმცა გამამართლებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებლები საქართველოზე მაღალია. სხვათაშორის, ჰამარბერგის ანგარიშის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, 110-ზე მეტი საქმე შეწყდა. არ მივიდა სასამართლომდე, რადგან პროკურატურამ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულები. არ ვიცი, ეს სტატისტიკა ოფიციალურად სად მოიპოვება, თუმცა ერთი მინდა გითხრათ, არაერთი საქმე მაქვს ნანახი, სადაც არც თუ ისე მყარი პოზიციები ჰქონდა ბრალდების მხარეს და ირღვეოდა მსჯავრდებულის უფლებები.

–აქ უკვე სასამართლოს და კონკრეტულად იმ მოსამართლეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომელთაც მსგავსი განაჩენები გამოაქვთ. თუმცა, რაც შეეხება მათ დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 მოსამართლეა გათავისუფლებული…

– მართალია, ეს ინფორმაცია კანონით საჯარო არ არის, თუმცა პირადად მე, არაერთი მოსამართლის დისციპლინური დევნა მოვითხოვე. ასეთი მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხშირად მივმართავდი და ვაგრძელებ ამ ტენდენციას, მაგრამ არ ვიცი რამდენად აქვს ამას აზრი სამომავლოდ. ძირითადად, ვიღებ პასუხს, რომ დევნა დაიწყო, მაგრამ შეწყდა.

– ჰამარბერგის დასკვნაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია საპროცესო გარიგებების მანკიერ სისტემას საქართველოში. მისი დასკვნით, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს.

–როდესაც საქმე საპროცესო გარიგებით მთავრდება, მას სახალხო დამცველი ვერანაირად შეისწავლის. არცერთი პირი, რომელსაც საპროცესო გარიგებით აქვს დასრულებული ურთიერთობა ბრალდების მხარესთან, საქმეს სახალხო დამცველთან არ მოიტანს. ძალიან კარგად იცით, საპროცესო გარიგება რასაც გულისმობს. ერთადერთი, თუ ძალდატანებით არის საპროცესო გაფორმებული, მაშინ შეიძლება ჩაერიოს სახალხო დამცველი
რაც შეეხება საპროცესო გარიგების ინსტიტუტს, ზოგადად, ეს საქართველოს მოგონილი არ არის, აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თუმცა იქ მოსამართლეებს გაცილებით ფართო კომპეტენციები აქვთ, ვიდრე საქართველოში. რეალურად, საქართველოში სასამართლო შემოიფარგლება საპროცესო გარიგების კანონიერების შემოწმების ფუნქციით, ამიტომ, საჭიროა მისი დახვეწა და კონტროლი. საპროცესო გარიგება არანაირად არ უნდა იქცეს ბიუჯეტის შევსების საშუალებად. მისი მთავარი დანიშნულებაა, დაჩქარებულ და სწრაფ მართლმსაჯულებას ემსახურებოდეს.

მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის 72% სასამართლოს ნდობას უცხადებს. თქვენ რას იტყვით ამ კვლევებზე, რამდენად შეეფერება რეალობას?

– კვლევის შესწავლა სახალხო დამცველის ფუნქცია არ არის, თუმცა ეს კვლევა, რა თქმა უნდა, განვიხილეთ. საინტერესოა, ამ კვლევის დროს გამიჯნული იქნა თუ არა ერთმანეთისგან სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული საქმეები? წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსადმი ნდობა ზოგადი ცნებაა. როგორც ვიცი, ეს საკითხები გამიჯნული არ იყო კვლევაში. ენდობით თუ არა სასამართლოს, – ბოლო კითხვად იყო დასმული. ეს დაახლოებით იგივეა, ვიღაცამ რომ ჩამოიაროს და იკითხოს: მოგწონთ თუ არა გიორგი ტუღუში? შეიძლება მე ვიღაცას არ მოვწონდე, მაგრამ ამ ინსტიტუტს პატივს სცემდეს.
რეალურად, სამოქალაქო საქმეებში სიტუაცია საკმაოდ ნორმალურია, ნდობაც მაღალია და გასაჩივრების რაოდენობაც დაბალია ზედა ინსტანციებში. ადმინისტრაციულ საქმეებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, პრობლემა გვრჩება ისევ და ისევ სისხლის სამართლის საქმეებში. რეალურადაც და ისტორიულადაც, სასამართლოსადმი ნდობა ამ ქვეყანაში ყოველთვის პრობლემა იყო – კომუნისტების დროსაც და გარდამავალ პერიოდშიც. ყველაზე დიდი ზეწოლა კი სწორედ სისხლის სამართლის საქმეებზე მოდის. ეს კვლევა მე არ ჩამიტარებია და უფლებამოსილი არ ვარ, მის ობიექტურობაზე ვიმსჯელო. სახალხო დამცველი ყოველთვის მისი პირადი შედეგებიდან მსჯელობს, რომელიც განმცხადებლების საჩივრებიდან გამომდინარე დგება. ყველაზე ხშირად კი ეს საჩივრები სწორედ სასამართლოს უკავშირდება.

სასამართლოს შემდეგ, ყველაზე დიდი პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და პატიმართა მდგომარეობაა. 2010 წელს, 142 პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები კი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია. თუნდაც პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის საქმე ავიღოთ, რომელიც თქვენს ოფისს შესწავლილი აქვს. როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი ანალიზი?

–პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ბევრ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი გაურკვეველი არ არის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ძალიან საგანგაშო ტენდენციაზე მიგვანიშნებს, არის ტუბერკულოზი. რაც შეეხება კახაბერ თედლიაშვილისა და კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტს, სადაც შესაძლოა, სუიციდთან ან ძალადობრივ სიკვდილთან გვქონდეს საქმე, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არსებობს და ერთადერთი გამოსავალი ექსპერტიზის დასკვნაა. თუმცა, ნამდვილად ვერ დავდებ თავს ექსპერტიზის ყველა დასკვნის სანდოობაზე, რადგან რამდენიმე დასკვნის შესწავლის შემდეგ, თავად აღმოვაჩინეთ საეჭვო გარემოებები. ისიც კარგად იცით, ექსპერტიზის დასკვნებს რამდენი ხანი ველოდებით. 2-3 თვე უნდა ჩვენამდე რომ მოაღწიოს.
კახაბერ თედლიაშვილის ფაქტს რაც შეეხება, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე რუსთავის #6 დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ინახოს ექსპერტიზის დასკვნა. ალტერნატიულმა ექსპერტმაც დაათვალიერა თედლიაშვილის გვამი და მასთანაც მქონდა საუბარი.
ჩვენ 2011 წლის პირველი ნახევარი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პატიმარს, რომელთა გარდაცვალების მიზეზად კონკრეტული დაავადებაა მითითებული, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ნეკნები აღმოაჩნდათ დამტვრეული. ასეთ დასკვნას რომ წაიკითხავ, რა უნდა იფიქრო?! ადამიანს ნეკნები კონკრეტული მიზეზის გარეშე არ ემტვრევა, ამიტომ ისმება კითხვა: რა გააკეთა ამ დროს გამოძიებამ? ძალიან ხშირად მივდივართ იმ შედეგამდე, რომ გამოძიებული არაფერია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.
თქვენ სიკვდილობის შარშანდელი ტენდენცია ახსენეთ, მაგრამ დამაიმედებელი არც წლევანდელია. პირველ 6 თვეში 77 პატიმარი იყო გარდაცვლილი, აგვისტოს თვეში კი 117-მდე ავიდა ეს მაჩვენებელი.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში არის „სიკვდილობის თავი“, რომელშიც გაანალიზებულია მთლიანად მიზეზები და ტენდენცები, რომლებიც გარდაცვალების კუთხით იყო სასჯელაღსრულების სისტემაში. წელსაც იგივე გაკეთდება.

–არანაკლები პრობლემაა ტუბერკულოზით გარდაცვალების საგანგაშო სტატისტიკაც, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მუდმივად „აპიარებს“ ხან მკურნალობის, ხან კეთილმოწყობის და საერთოდ, პატიმრების კეთილდღეობაზე ზრუნვის თემას.

_ სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ იმისთვის არსებობს და აქვს კანონით მინიჭებული უფლება შევიდეს სასჯელაღსრულების სისტემაში, რათა შემდგომ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ანგარიშში პოზიტიურ ძვრებსაც ავსახავთ, მაგრამ ის პრობლემები, რაზეც ვსაუბრობთ, დღემდე სახეზეა.

_ ყველაზე ხშირად რა სახის განცხადებები შემოდის სახალხო დამცველთან?

_ ყველაზე მეტი განცხადება შემოდის პატიმრებისგან, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისგან და იძულებით გადაადგილებული პირებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა სახის უფლებათა დარღვევებზეც მოგვმართავენ, მაგრამ სასჯელაღსრულებისა და ჯანმრთელობის საკითხების უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში ყველაზე ხშირია.

_ რომელია ის უწყება, რომელიც ყველაზე ოპერატიულად რეაგირებს თქვენს მიმართვებსა და რეკომენდაციებზე?

– მე შემიძლია გითხრათ უწყებები, რომლებიც არ რეაგირებენ: თავდაცვის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო. აქ სერიოზული პრობლემები იყო არა მხოლოდ რეაგირებაზე, არამედ ინფორმაციის დროულად მოწოდებასა და სახალხო დამცველის მიმართვების უყურადღებოდ დატოვებაზე.
რაც შეეხება სხვა უწყებებს, სახალხო დამცველის მიმართვას ადეკვატური რეაქცია და დროული რეაგირება მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კომუნიკაცია ნორმალურია.
რაც შეეხება სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციებზე, ძალიან ხშირად, ვეჭვობ, პასუხიც არ ჰქონდათ და საერთოდ უგულებელყვეს.
რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ თითოეულ უწყებასთან მაინც ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.

– არის თუ არა შემთხვევები, როდესაც თქვენთან შემოტანილი წერილები უკან გააქვთ რამე მიზეზით?

–ძირითადად, პრობლემები გვაქვს სასჯელაღსრულების სისტემაში, როდესაც პატიმრები უარს ამბობენ ცემის ფაქტი წერილობით დაგვიდასტურონ. გიყვებიან რაღაცას და მერე გთხოვენ, ხელს ნუ მომაწერინებო.
ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი პატიმრის, კალანდიას მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც ზუგდიდის საპატიმროში გარდაიცვალა და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. როდესაც ადგილზე ჩავედით, რომ ექიმისგან მიგვეღო ინფორმაცია, რომლის დადასტურებას ხელწერილით აპირებდა, დაწესებულების დირექტორმა მას კატეგორიულად მოსთხოვა სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე ხელი არ მოეწერა. ეს, გარდა იმისა, რომ უკანონობაა, უხეშად არღვევს ექიმის დამოუკიდებლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ანგარიშებში აღვნიშნავ კიდეც, რომ ექიმების დამოუკიდებლობის ხარისხი, ფაქტობრივად ნულის ტოლია ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში.

თქვენთან შემოვიდა პატიმარ არქანიას წერილი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისდამი არაადამიანურ მოპყრობასა და ზეწოლებზე საუბრობდა. ამჟამად რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით?

–მისი საქმე დეტალურადაა შესწავლილი და ბატონი არქანია მოხვდება პირველი 6 თვის შუალედურ ანგარიშში. იყო საუბარი იმაზეც, რომ არქანიასთან შესაბამისი სპეციალისტები შესულიყვნენ და მათ შეეფასებინათ მისი მდგომარეობა. არ ვიცი, ეს განხორციელდა თუ არა, მოვიკითხავ უახლოეს მომავალში.
არქანიამ ჩვენთან არაერთ უფლებადარღვევასა და ზეწოლაზე ისაუბრა. თუმცა შემდგომ მან საკუთარ ადვოკატსაც აცილება მისცა და ჩვენც გვთხოვა რეაგირება არ მოგვეხდინა მის განცხადებაზე. თუმცა, ადვოკატმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მაინც გაასაჯაროვა ეს განცხადება. მოვითხოვე მისი გადაყვანა სხვა დაწესებულებში, თუმცა დეპარტამენტის უფროსმა მომწერა, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და ის დარჩება გლდანის #8 საპყრობილეში. შემდეგ, არქანია არაერთხელ მოვინახულეთ და მისგან საჩივრები აღარ მოსულა.

–ადამიანის უფლებები ასე ძალიან რომ არ ირღვეოდეს, ამისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, ჩვენ კი პოლიტპატიმრები გვყავს ქვეყანაში. მაგალითად, არ დარჩენილა საერთაშორისო ანგარიში, რომელშიც მერაბ რატიშვილი არ ჰყავთ მოხსენიებული. ეს მხოლოდ ერთი ფაქტია, ასეთი კიდევ ბევრია…
–რატიშვილი უკვე რამდენიმე წელია იხდის სასჯელს და ჩვენს ანგარიშებშიც არაერთხელ მოხვდა. არის რამდენიმე ასეთი საქმე, რომელიც ჩვენც შევისწავლეთ და არის სერიოზული საფუძვლები იმის სათქმელად, რომ ამ ადამიანების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.
 

–ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრები გვყავს?

– პოლიტპატიმარი ვინ არის და ვინ არა, ეგ სახალხო დამცველის განსასაზღვრი არ არის. ასე შეიძლება, ძალიან შორს წავიდეთ. არ გამოვრიცხავ, რომ არაერთ საქმეში, შესაძლოა, პოლიტიკურ მოტივაციას ჰქონოდა ადგილი, ამაზე მიუთითებს თუნდაც ის სასამართლო განხილვის

მასალები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა. ყველას პოლიტპატიმარს ვერ უწოდებ. შეგიძლია იმსჯელო პოლიტიკურ მოტივაციაზე გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეში. პოლიტიკური პატიმრის სტატუსს როცა ყველას აძლევ, ფაქტობრივად, ამ ტერმინის მნიშვნელობას აკნინებ.
 

–და ბოლოს, როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის ოფისშიც შემოვიდა, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?

–მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს. ელფოსტით მომაწოდა ინფორმაცია მისმა ადვოკატმა.
ჯერ კიდევ ოქტომბრის პირველ ნახევარში საკუთარი ინიციატივით გამოვითხოვე მასალები და როდესაც დავასრულებ შესწავლას, მხარეებს, რა თქმა უნდა, ეცნობებათ ჩემი დასკვნა. ვნახოთ, თუ მომცემს ეს მასალები კონკრეტული რეკომენდაციის შემუშავების საშუალებას.

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s