„ბინტით“ ჩამოხრჩობილი 26 წლის პატიმრის აპრილის თვის ჩანაწერები

„გიჟი არ ვარ, ყველას გთხოვთ, შემინარჩუნოთ სიცოცხლე!“

„შეიძლება აღნიშნული წერილით მოვისწრაფე კიდეც სიკვდილი“

01/05/2011 22:59

 

30 აპრილს, ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, კახაბერ თედლიაშვილის  წერილები , რომელიც პატიმარმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა…

„მიუხედავად ჩემი შვილის განცხადებაში აღნიშნული გარემოებისა, რომ იგი არავის ადებს ხელს და ყველაფერში თავის თავს იდანაშაულებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ციხის“ შემდგომი „წნეხის“ შიში და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კახაბერის მიმართ ხორციელდება „შევიწროვება“ და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც პატიმართა, ისე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან და მან ჩემამდე მოაწვდენია ხმა, რომ შესაძლოა იგი „მოიშორონ“ და შექმნან იმიტაცია, თითქოს თვითონ მოიკლა თავი…“

                                                 ბადრი თედლიაშვილი   

                                             12 აპრილი. 2011 წელი  

ბადრი თედლიაშვილი,  30 აპრილს  რუსთავისN6 საპყრობილეში გარდაცვლილი ანუ „ბინტით“ „თავჩამომხრჩვალი“ პატიმრის, 26 წლის კახაბერ თედლიაშვილის მამაა.

 შვილის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, ჯერ კიდევ 20 დღის წინ, მან ყველა უწყებას შეატყობინა. იმავე უწყებებს შველას თავად პატიმარიც სთხოვდა.

გატარებული ღონისძიებების შედეგი  კი  30 აპრილს , 15:00-დან 16:00 საათამდე დადგა, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა სასჯელაღსრულების დაწესებულებში კიდევ ერთი პატიმრის სიკვდილით დააკვალიფიცირა…

ადვოკატ თევდორე კობახიძეს, რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, პატიმარმა კიდევ ერთი წერილის მიტანა სთხოვა დანიშნულების ადგილზე. ეს მისი უკანასკნელი წერილი იყო, ერთადერთი, რომელიც ადრესატს ვეღარ ჩაბარდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, (2010-2011წ) კახაბერ თედლიაშვილი, რიგით N143 გარდაცვლილი პატიმარია. სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია გარდაცვლილ 142 პატიმარზე, თუკი მკვლელობას გარდაცვალება შეიძლება ეწოდოს.

უცნაურია, თვითმკვლელობის წინ იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, სასჯელაღსრულების მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ სთხოვს დახმარებას, ვინ ეხვეწება მიშველეთო, ვინ წერს ასეთ რამეს?

კახაბერ თედლიაშვილი: „წელიწადი ხდება ყოველ წამს სიკვდილს მაყურებინებენ თვალებში, ფსიქოლოგიურად შემჭამეს, დავბერდი ამ თვეების განმავლობაში, ჯანმრთელობაც შემერყა და ოჯახიც განადგურებულია ჩემზე ნერვიულობით.

აღნიშნული განცხადების დაწერის შემდეგ, გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდება.

ზემოაღნიშნული ფაქტების გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა, ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა პრობლემები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ ესე ხდება და ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე.

ციხის ხელმძღვანელობას აქვს ჩემი მოკვლის პირადი ინტერესი, ჭკუით მაჯობეს და ისე შეიმუშავეს გეგმა, რომ თვითონ სუფთად გამოვიდნენ ყველაფრიდან: „სადაც გინდა გვიჩივლე, ვინც ჩივილით გვემუქრება ერთ ადგილზე გვეხვევაო“.

18 აპრილს ითხოვდა პატიმარი ამ შველას…

რა ხდებოდა მანამდე, 10 დღით ადრე

8 აპრილი. 2011 წელი… #6 საპყრობილის დირექტორს, ბ-ნ დავით მარგებაძეს…

„მოგახსენებთ, რომ ციხის წესებიდან გამომდინარე, ჩადენილი მაქვს სერიოზული დანაშაულები (პატიმართა გადასახედიდან, ასევე ჩემი გადასახედიდანაც), რაც ციხის წესებიდან გამომდინარე, „ისჯება“ სიკვდილით.

პირადად მე, პირადად მაქვს საკანში მოყოლილი ყველაფერი და მთელი ციხე საქმის კურსშია ზემოაღნიშნულის შესახებ.

ზემო აღნიშნულის გამო უსაფრთხოების თანამშრომლებმა გადამიყვანეს ცალკე საკანში, ამჟამად ვარ მარტო: (ორ კაციანში)

ვინაიდან ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე, თურმე კვლავ მოთავსებული ვიქნები სხვა პატიმრებთან ერთად. გთხოვთ, დაუყონებლივ მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა იზოლირებული ვიყო ყველა პატიმრებისგან და მომათავსოთ ერთკაციან საკანში…

6 დღის შემდეგ…

12 აპრილი. 2011 წელი. სახალხო დამცველს, ბ-ნ გიორგი ტუღუშს.

„2010 წელს, ციხის უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან დაიწყო ზეწოლა: „ბოზობ და იმიტომაც დაგიკლეს სასჯელიო“, რაზედაც ვუთხარი რომ არ იყო სწორი ინფორმაცია და შეეძლოთ გადაემოწმებინათ. ამის შემდეგ მითხრეს, რომ უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს დამიმატებდნენ და პატიმრებს აჩვენებდნენ წერილებს, რომლებსაც გარეთ „ვაგზავნიდი“ ტილოთი ე.წ. „დაჩკაში“ და ეტყოდნენ, რომ ხალხს ვაჭერინებდი, რითიც სასჯელებს ვიკლებდი. როდესაც ვუთხარი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ, არავის არ ვაჭერინებდი და აღნიშნული წერილები ჩემი დაწერილი არ იყო, კვლავ მითხრეს, რომ უნდა მეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილებს წაუკითხავდნენ ჩემს საკანში მყოფ ბიჭებს და მერე „მერკვია“ ჩემი დაწერილი იყო თუ სხვისი“.

12 აპრილი. 2011 წელი. პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ დავით ბაქრაძეს

„უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მიხსენა ჩემი ოჯახის წევრების სახელები, შემეშინდა, ვიფიქრე პრობლემები არ შეუქმნან ვინმესო და ვუთხარი, რომ ვითანამშრომლებდი. ამის შემდეგ მითხრეს, რომ დამეწერა, თუ არადა – „ლაპარაკი ჩავიწერე, ბიჭებს მოვასმენინებ და ისინი მოგხედავენო“. იძულებით, შეშინებულმა დავწერე რომ ვითანამშრომლებდი და ამიყვანეს საკანში. შემდეგ დავრეკე მამაჩემთან, ვუთხარი რომ სხვა ციხეში გადაყვანის საკითხი გაერკვია, რადგან „რაღაც უბედურება“ ტრიალებდა ჩემს თავს.

ცოტა ხანში საკანში უსაფრთხოების თანამშრომლებმა ხმა გამივრცელეს რომ ციხის ადმინისტრაციის აგენტი ვიყავი და ისეთი სიტუაცია შექმნეს, საკუთარი მშობელიც არ დამიჯერებდა, რომ სინამდვილეში განცხადების იქით არავითარი ურთიერთობა არ მქონდა ციხის ადმინისტრაციასთან, გამარჯობასაც კი აღარ ვეუბნებოდი არავის და გარეთ ვითხოვდი შველას, რომ იქნებ სხვა ციხეში გადავეყვანე…

6 დღის შემდეგ…
14 აპრილი. 2011 წელი. მთავარ პროკურორს, ბ-ნ მურთაზ ზოდელავას
„გადამკიდეს მთელი ციხე, უამრავ პროვოკაციას მიწყობდნენ, ყველასთან დამეძაბა ურთიერთობა და იმ კონდიციამდე მიმიყვანეს, რომ კვლავ მივედი ციხის უფროსთან და ვუთხარი: „ოღონდ ნუ მოაკვლევინებთ ჩემს თავს და თუ გინდათ, თქვენს გარდა ყველას მტერი გავხდები და ვითანამშრომლებ-თქო“, რაზედაც მან მითხრა, რომ ავსულიყავი საკანში, ბიჭებთან შევრიგებულიყავი და მერე გამიყვანდა. ამის შემდეგ, კვლავ არ გადამიყვანეს საკნიდან და აღვნიშნავ, რომ კიდევ კარგი ხალხი იყო იმ საკანში სადაც ვიმყოფებოდი, თორემ ეხლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი, ციხის ადმინისტრაციის განზრახ უყურადღებობიდან გამომდინარე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, კვლავ შევხვდი ციხის უფროს და ვთხოვე, „თუნდაც სარდაფში ჩამაგდე, ოღონდ საკანში ნუ მაჩერებ, რატომ გინდა ჩემი სიკვდილი-მეთქი“, რაზედაც ბატონმა დავითმა მიპასუხა: „ტრაკის თამაშს თავი დაანებე, შენები გააჩერე და ითანამშრომლეო“.

3 დღით ადრე… 
11 აპრილი. 2011 წელი. ქ-ნ ხათუნა კალმახელიძეს 

„ციხის უფროსმა ჩემზე კონკრეტულ პატიმრებს უთხრა: „ყველაზე გამწარებული და გაბოროტებულია, ცალკე თქვენ გიჩივით, ცალკე ჩვენ. ოჯახები გვყავს გარეთ, მაგის გაშვება აქედან ცოცხლად არ შეიძლება. აქ არ ჩერდება, მარტო კაცი ჩივის და გარეთ რას იზავს, თან შეწყალებას ელოდება. ცოტა ხანს არაფერი აგრძნობინოთ და თუ დეპარტამენტში შემოვიდა მაგის შეწყალების საბუთები, კახაზე ადრე მე მეცოდინაბა, ჩვენ შეგახვედრებთ და თქვენ იღლიის ქვეშ გაუკეთეთ 10 (ათი) ხაზი წამალი, მარტო ჩხვლეტას გაიგებს და მკვდარს გავაცილებთ ვახტაზეო. დეპარტამენტში და ყველგან საქმის კურსშია ხალხი, დაბლიდან მაღლამდე ყველას ფეხებზე კიდია, გამწვანებულია, დღეს ჩვენ დავგეგმავთ და მიხედეთ, პასუხი არავის მოეთხოვება მაგის დაბრედვაზეო“. ციხის თანამშრომლებს ვუთხარი: „საკნიდან გამიყვანეთ, არ ვარ კარგ ხალხში ცხოვრების ღირსი. ვიცი, ჩემი მოკვლა გინდათ, მაგრამ ხომ ხედავთ, არ მკლავენ, თქვენ მომკალით, ამ ხალხს რას ერჩით და ვინც არ უნდა მომკლას, თქვენ მაინც არ დარჩებით დაუსჯელები, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენი ბრალი, თქვენი მოწყობილი იქნება-მეთქი“.

12აპრილი. 2011წ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ–ნ ლაშა თორდიას

„ვიცი, თუ შემიწყალეს, შემახვედრებენ იმ ხალხს, ვინც გადამკიდეს და მათ მოაკვლევინებენ ჩემს თავს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, ცალი ფეხი სამარეში მაქვს. 25 რიცხვი რომ ახლოვდება, გული მისკდება, შეწყალებულთა სიაში თუ მოვხვდი, ვიცი მომკლავენ და ვიღაცა უბედურს დააბრალებენ.
ზემოაღნიშნული ფაქტების გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა. ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა პრობლემები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ ესე ხდება და ყველას გთხოვთ. შემინარჩუნოთ სიცოცხლე…“

2011 წლის 13 აპრილს, კახა თედლიაშვილის მამა იუსტიციის მიონისტრს, ზურაბ ადეიშვილს, თავისი შვილის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის: „რამდენიმე კვირის წინ, ჩემი შვილი ციხეში იქნა სასტიკად ნაცემი (რაც მგონი არც გამოძიებულა) და ამჟამად მან მითხრა, რომ ციხის ადმინისტრაციის ხალხი ეუბნება, – ან თვითონ ჩამოიხრჩოს თავი (თვითმკვლელობამდე მიყავთ), ან ესენი (სასჯელაღსრულების თანამშრომლები) მოკლავენ ან პატიმრებს მოაკვლევინებენ.“

პატიმრის ბოლო წერილი და ბოლო სიტყვები… 

ბოლო წერილი, რომელიც კახა თედლიაშვილის ადვოკატს, თევდორე კობახიძეს ადრესატამდე უნდა მიეტანა, რუსთავის N6 საპყრობილის უფროსისთვის, დავით მარგებაძისთვის იყო განკუთვნილი. ვერ მოასწრო, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში, კახას მამამ, ბადრი თედლიაშვილმა დაურეკა ადვოკატს და უთხრა, რომ კახა მოკლეს.

პატიმრის აპრილის თვის ჩანაწერები ამ სიტყვებით სრულდება

„შეიძლება აღნიშნული წერილით მოვისწრაფე კიდეც სიკვდილი, მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნეს დაცული.“ 

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s