თომას ჰამარბერგის სკანდალური დასკვნის ანალიზი

საქართველოს ხელისუფლება და ვარდების რევოლუციის გმირები თომას ჰამარბერგისგან მათი მისამართით ასეთ ზღვარგადასულ კრიტიკას ნამდვილად არ ელოდნენ. ევროკომისრის ანგარიშის თითოეული აბზაცი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი გმობა-გაკიცხვაა და ისეთ მსუბუქ ტერმინთან, რასაც „რეკომენდაციებს“ უწოდებენ, საერთო არაფერი აქვს. არც იმ ზომიერი დიპლომატიური ტონით გამოირჩევა, შეშფოთება რომ ჰქვია სახელად.

ეს დასკვნა აღშფოთებული ადამიანის პოზიციას უფრო ჰგავს, ვიდრე შეშფოთებულისას. მოგეხსენებათ, ევროკომისარიც ადამიანია და აღშფოთდა, თანაც ისე ძალიან, რომ განაცხადა:. „განსაკურთებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ტენდენციური გამონათქვამებისგან, რომლებიც არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას.“ პოლიტიკოსებში ქართველ ლეიბორისტებსა და ქრისტიან-დემოკრატებს რომ არ გულისხმობდა, ფაქტია.

 ამავე დასკვნაში პირდაპირ „მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშავოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება.“

დასკვნა ევროსაბჭოს ვებგვერდზე 5 ივლისს დაიდო და ქართული მედიის მხრიდან ნამდვილად არ დარჩებოდა უყურადღებოდ, რომ არა ფოტორეპორტიორების საქმე, რომელმაც ყველა სხვა მოვლენა გადაფარა. გთავაზობთ გადაფარული და მიჩუმათებული დასკვნის ყველაზე საინტერესო დეტალებს.

ექსპერტი ევროსასამართლოს საკითხებში, ადვოკატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ კრიტიკა საკმაოდ მძაფრია, „შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ანგარიშებიდან ერთ-ერთი ძალზედ საფუძვლიანი, ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული და არგუმენტებული ანგარიშია. ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გაკეთებული დასკვნებიდან გამომდინარე, სამართლის სფეროში მდგომარეობა სავალალოა.“

ქალბატონო მანანა, ევროკომისარი ცალსახად აცხადებს, რომ წვრილმანი დანაშაულისთვის შემოღებული ნულოვანი ტოლერანტობის მკაცრმა პოლიტიკამ არ გაამართლა, შედეგად გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელები მივიღეთ. თქვენ საშუალება გქონდათ, პირადად შეხვედროდით თომას ჰამარბერგს, როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე გააკეთა მან ასეთი განცხადება?

კომისარი გაეცნო კონკრეტულ საქმეებს, შეხვდა უფლებადამცველებს და, ცხადია, განცხადება მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გააკეთა. პატიმართა განსაკუთრებით გაზრდილი რაოდენობა და ციხეების გადატვირთულობა, შეფარდებული სანქციების სიმკაცრე და სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება ( რაც პირის მიმართ ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთას იწვევს, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის გამოუყენებლობა), _ ყველაფერი ეს, სწორედ საჯაროდ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის შედეგია“. აღნიშნული განსაკუთრებით საგანგაშოა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის ზრდის ფონზე. ტუბერკულოზით, „C ჰეპატიტითა“ და სხვა მძიმე სენით დაავადებები იმდენად ხშირია, რომ ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში,ყველაზე ჯანმრთელი ადამიანიც კი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდაა განწირული.

კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, შეიმუშავოს უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, გამოსწორებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მაგალითი იქნება. რა გახდა ასეთი მძაფრი კრიტიკის მიზეზი?

ინფორმაცია ციხეებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპრყობის, წამებისა და თუნდაც თვითმკვლელობადე მიყვანის შესახებ, რომლის აღიარებასაც ხელისუფლება მართალია გაურბის, მაგრამ კონკრეტული საქმეები ამის დასტურია. სწორედ ამან განაპირობა რომ კომისარი მოუწოდებს სისხლის სამართლის პოლიტიკის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ, თუმცა ხელისუფლება „ნულოვან ტოლერანტობას“ ამართლებს კორუფციასთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლით. არანაირი მიზნით არ შეიძლება იყოს გამართლებული ადამიანების მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა და წამება. არ აქვს მნიშვნელობა ე.წ . „ქურდს“ აწამებ, თუ ყოფილ, კორუმპირებულ ჩინოვნიკს. თუკი ამას ხელისუფლება უშვებს, ესე იგი ის არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კომისარმა აღნიშნა, რომ პროკურორებს წამყვანი პოზიცია უკავიათ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამ შენიშვნას?

ხელისუფლება ამას რომ არ გაითვალისწინებს, უკვე ცხადია იმ პასუხით, რომელიც მთავრობამ უკვე მოამზადა ევროკომისრის ანგარიშზე. მაგალითად რატიშვილის საქმეში, რომელიც კომისრის ყურადღების ქვეშ მოექცა, აშკარაა, რომ ნარკოტიკი რომელიც მას „ამოუღეს“ პოლიციის მიერ იყო ჩადებული. უფრო მეტიც, მას იძულებით გაუკეთეს ინექცია და შეუყვანეს ნარკოტიკი, რათა მისი მოხმარება „დადასტურებულიყო“. აღნიშნული საქმე, როგორც პოლიტიკური ნიშნით აღძრული საქმე, შესულია ევროპის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნაში და მ.რატიშვილს მინიჭებული აქვს „პოლიტპატიმრის“ სტატუსი. საქმე ასევე შესულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში – 2-ჯერ ზედიზედ, თუმცა, დღემდე რაიმე შედეგი ასეთ ანგარიშებს არ გამოუღია. მთავრობის პასუხში ისევ და ისევ იმაზეა საუბარი, რომ მერაბ რატიშვილი ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და რამე პროცესუალურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ, არაერთი გახმაურებული საქმეა, რომლებშიც აშკარაა პოლიციის მიერ უკანონო ნივთის — იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება, მტკიცებულებათა ფაბრიკაცია, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს ამგვარ დარღვევებზე, საგულისხმოა, რომ ასეთ საქმეებში მოწმეებიც და დაკავებაში მონაწილე პირებიც თავად პოლიციელები არიან. ექსპერტიზაც და გამოძიებაც პოლიციის მიერ ტარდება და, ასეთ შემთხვევაში რამდენად იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, თავად განსაჯეთ.

დასკვნაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია საპროცესო გარიგებების მანკიერ სისტემას საქართველოში. ჰამარბერგის დასკვნით, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს.

დღეს, სამწუხაროდ, წესად იქცა ე.წ. „აღიარებითი ჩვენებები“, რაც ალბათ უფრო დაბრალებითია, ვიდრე რეალურად აღიარებითი, რომლის მოპოვებაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, იძულებითა და მუქარით ხორციელდება და რაც ყველაზე საგანგაშოა, სექსუალური ძალადობის მუქარით. ამის ფონზე, საპროცესო შეთანხმების დადებით, პროკურატურა, პრაქტიკულად, გაურბის საქმის არსებით განხილვას, ხოლო, როდესაც თავად ბრალდებულს არა აქვს სასამართლოსადმი ნდობა და საქმის სამართლიანი განხილვის იმედი, იძულებულია, დაეთანხმოს „შეთავაზებულ“ პირობებს. სამწუხაროდ, არა მგონია, ხელისუფლებამ რაიმე არსებითად შეცვალოს ამ ანგარიშის შემდეგ. რაიმე რომ შეცვალო, ნაკლის თუ შეცდომის აღიარება უნდა შეგეძლოს.

მთავრობის პასუხიდან კი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, მსგავსი რამ არ იკვეთება.

კომისრისთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის გაზაფხულზე, ოპოზიციური საპროტესტო გამოსვლების დროს, ძალადობისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები არ იყო სწრაფად და დროულად გამოძიებული. მან პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას მიიღოს მკაცრი ზომები სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად. არადა, კოტე კუბლაშვილის სტატისტიკის მიხედვით, ქართული მართლმსაჯულება სამართლიანობის ზენიტშია…

ამ ყველაფერს უკვე აუცილებლად უნდა დაემატოს მოთხოვნა, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის თაობაზე, რაც ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს ევროკონვენციის მე-3 მუხლის თანახმად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში აღინიშნებოდა გამამართლებელი განაჩენების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი. კომისართან შეხვედრებისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ პროკურორები სასამართლოს კარგად დასაბუთებულ და კარგად მომზადებულ საქმეებს წარუდგენდნენ. Aამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

პირიქით ვიტყოდი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი იმდენად დაბალი, რომ პროკურატურის მიერ თუნდაც დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენისა და მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, სასამართლოებს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვთ, რის გამოც, პრაქტიკულად, მიუღწეველი ხდება ადამიანის გამართლება. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი დილეტანტი, რომელიც ერთ-ორ პროცესს დაესწრება სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. მითუმეტეს იმ საქმეების, სადაც არსებობს ხელისუფლების განსაკუთრებული პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესი.

არანაკლებ მკაცრი იყო ჰამარბერგის შეფასება არასათანადოდ დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაზედაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უთხრა კომისარს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა არასათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად და რომ სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში გაუმჯობესდა.

ვერ დავეთანხმები, სამწუხაროდ, ბატონ კუბლაშვილს. საპირისპიროზე მეტყველებს სასამართლო განაჩენებითა თუ გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობა, რომლებიც მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სთხოვენ საქმის ევროსასამართლოში გასაჩივრებას.

კომისარი შეშფოთებულია ინფორმაციით ადვოკატთა დაშინების, პროკურატურის მხრიდან საქმის დარღვევით წარმოებისა და ადვოკატებზე ზეწოლის სხვა ფორმების შესახებ. ხომ არ იცით, რომელი საქმეების მიხედვით იხელმძღვანელმა ჰამერბერგმა და რომელ ადვოკატებზეა კონკრეტულად საუბარი?

საუბარი იყო მარიანა იველაშვილზე, რომელიც სრულიად აბსურდული ბრალდებით, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში იხდის სასჯელს, მაშინ როდესაც მისი საქმე არ სცდებოდა სამოქალაქო სამართლებრივი დავის სფეროს. ზაზა ხატიაშვილმა ევროკომისართან შეხვედრისას ისაუბრა ვლადიმერ ტაბაღუას ინციდენტზე, რომელიც პატიმართა სამკურნალო დაწესებულებში დააკავეს იმ მიზნით, რომ არ დაეშვათ მის მიერ პატიმრის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოტანა დაწესებულების გარეთ და ჩამოართვეს აღნიშნული. სამწუხაროდ, ადვოკატებზე ზეწოლა თვალშისაცემია, განსაკუთრებით მაისის მოვლენების შემდეგ. პროკურატურა აიძულებს მათ, გახდნენ უკანონოდ დადებული საპროცესო შეთანხმებების მონაწილენი, ვგულისხმობ იძულებითა და მუქარით მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებს, რაზეც ზოგიერთი ჩემი კოლეგა, სამწუხაროდ, დუმილს ამჯობინებს და პროკურატურასთან სრულ უნისონში აწერს ხელს ამგვარი დაკითხვის ოქმებს. ძალიან ცხადად შეიმჩნევა საკმაოდ საშიში ტენდენცია, თუკი არ „თამაშობ“ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული წესებით, მათთვის სრულიად მიუღებელი ხდები. სწორედ მაშინ იწყება ზეწოლაცა და დევნაც.

დასკვნაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ხშირად ბრალის დადასტურებისთვის აუცილებელი მინიმალური მტკიცებულებები არ არსებობს. ჰამარბერგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარების საქმეებში ხშირად აღინიშნებოდა პროცედურული დარღვევები ჩხრეკის დროს, კერძოდ, არ იყო უზრუნველყოფილი მოწმის დასწრება, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩხრეკის კანონიერებას და, შესაბამისად, ამოღებული მტკიცებულების სამართლებრივ დასაშვებობას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა საქმე, რომელიც იარაღსა და ნარკოტიკებს ეხება, მსგავსი დარღვევებითაა წარმოებული?

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეა, ვინაიდან სსსკ არ მოითხოვს დამსწრის სავალდებულო მოწვევას ჩხრეკისას, რაც პოლიციას ყოველთვის მისცემს შესაძლებლობას, ჩხრეკა წარმართონ ისე როგორც მათ ესაჭიროებათ. ჩადონ იარაღი, ნარკოტიკი თუ სხვა უკანონო ნივთი და შემდეგ ისევ „ამოიღონ“. თუნდაც ისე, როგორც ეს ბოლოდროინდელ, გახმაურებულ ე.წ. კოკაინის საერთაშორისო ტრაფიკის საქმეში იყო. თქვენ ესწრებოდით ამ საქმის განხილვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და იცით, რომ სასამართლოში დაკითხულმა დაცვის მოწმეებმა მიუთითეს, რომ პოლიციელებმა ჩხრეკისას თავად დააგდეს ერთ-ერთი ბრალდებული პირის, მევლუდ სვანიძის ავტომანქანასთან რაღაც ნივთი და მერე თვითონვე ამოიღესო.

თუმცა, სასამართლო მაინც პოლიციისა და პროკურატურის ჩვენებებს იზიარებს და ადამიანებს უსჯის უვადო თავისუფლების აღკვეთას არარსებული ნარკოტიკებისთვის. აღნიშნულ საქმეზე პირადად ვესაუბრე ბატონ ჰამარბერგს. ის საკუთარ ანგარიშში განზოგადებული სახით შეეხო ამ პრობლემას და, ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ არ მიუთითა ამ კონკრეტულ საქმეზე, რომ ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის ეტაპზე იყო და ასეთ შემთხვევაში, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც სასამართლოზე ზეწოლა. თუმცა, მე ნამდვილად მენიშნა ამ ანგარიშში სწორედ იმ პრობლემებზე ხაზგასმა, რაც ნიშანდობლივი იყო ამ საქმისთვის.

და ბოლოს, ხელისუფლებამ კომისრის ამ საკმად მკაცრ კრიტიკას პასუხი გასცა, რომელიც ევროსაბჭოს ქართულ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. რამდენად არგუმენტირებულია ეს პასუხი?

მთავრობის პასუხი, პირველ რიგში, ვერ პასუხობს დოკუმენტის გარეგნულ ფორმალურ სახეს, მას არა აქვს საჭირო რეკვიზიტები, გაუგებარია ვინ არის პასუხისმგებელი მიწოდებულ ინფორმაციაზე და თარიღიც კი არა აქვს დასმული. რაც შეეხება შინაარსს, მიმაჩნია, რომ არგუმენტები საკმაოდ სუსტია, არ შეიძლება წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები გაამართლო კორუფციასთან ბრძოლით. თუმცა მისასალმებელია, რომ მთავრობა გარკვეულ საკითხევში ეთანხმება ბატონ კომისარს, თუნდაც იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობიდან გამოყვანილი უნდა იქნას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვინაიდან იგი, იმავდროულად, პროკურორის ფუნქციებითაცაა აღჭურვილი.

საქართველოში პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შემთხვევებში ხანგრძლივი და არაეფექტური გამოძიების არსებობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და წამების საწინააღმდეგო ანგარიშებიც ადასტურებს

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s