აფიქრებული ხალხის ნაფიქრალი ანუ „დემოკრატები“ დემოკრატიის გარეშე

შევარდნაძის პერიოდის მოკლე დახასიათება: „დემოკრატია“ დემოკრატების გარეშე.

სააკაშვილის პერიოდის მოკლე დახასიათება: „დემოკრატები“ დემოკრატიის გარეშე.

პროლოგი: ეს გახლავთ ვერდაშინებული, ღირსებავერაყრილი და აფიქრებული ხალხის ნაფიქრალი. იმ ხალხის, რომელსაც მაინც ეგონა, რომ აზრის გამოთქმა დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყო.

მაგრამ მომწამვლელი გაზის შიშინში, სხვადასხვა ზომისა და მასალის ხელკეტების ტრიალში, გაურკვეველი მანქანების წუილსა და ფორმიანი და გადაცმული ადამიანების მიერ განხორციელებულ გავეშებულ ნადირობაში, კიდევ ერთხელ და უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არადემოკრატები დემოკრატიულ პრინციპებს პატივს არ და ვერც სცემენ.

მთავრობის არგუმენტი: დემოკრატია რომ არ არსებობდეს ამ ქვეყანაში, ვინ მიცემდა ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და მიტინგის ჩატარების უფლებას?

არგუმენტი უსუსურია: ბატონებო, საქართველოს მოსახლეობა, ის ხალხი თქვენთვის წინასაარჩევნო პერიოდამდე „ჩარეცხილები“ რომ არიან, მიტინგებსა და დემონსტრაციებს შუაგული და აყვავებული სოციალიზმის დროსაც მართავდა და გასაოცარი მხოლოდ ის არის, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას 1978 წელსაც კი არ დაურბევია მიტინგი. თუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ მაშინ საქართველოში დემოკრატია ყვაოდა, ვერ დაგეთანხმებით, ხოლო თუ ამის თქმას არ აპირებთ, ხალხის პროტესტსაც თქვენი `დემოკრატიის” მონაპოვრად ნუ მიიწერთ. საქართველოს მოსახლეობა ამას ბედავდა მაშინაც, ბედავს დღესაც და გაბედავს ყოველთვის. ეს ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის მონაპოვარი და მისი ხასიათია. სამწუხაროა, რომ არც ადრე და არც ახლა, საკუთარი ხალხის ხასიათი ვერ გაგიგიათ. ვერ გაგიგიათ, რომ ამ ხალხის „ტვინების გამორეცხვა“ თავისუფლების ინსტიტუტის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატება.

სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ ბაგეთაგან ძერჟინსკის სული გვესაუბრება. მათი მჭერმეტყველების აზრი და მიზანი კი დაშინებაა: ილაპარაკებ ტელეფონით? – დაგიჭერ! არ ილაპარაკებ? – მაღალი ხარისხის ეჭვის საფუძველზე დაგიჭერ! არ მოგწონვარ? – დაგიჭერ და საერთოდაც, სულ ერთია – მაინც დაგიჭერ!

მოკლედ, როგორც ბულატ ოკუჯავა ამბობდა, ქვეყნად ასე ყოფილა, არაფერი იცვლება, ყველაფერი მეორდება, დღესაც აღმართს დაღმართი ცვლის და ერთ ჭკვიანზე ერთი სულელი მოდის. თუმცა, უკაცრავად, მე როგორც ვხვდები, ახლა ფიქრობენ, რომ ერთ-ორ ჭკვიან ხელისუფალზე მთელი სულელი საქართველო მოდის, რომელსაც ურტყამ, დაიჭერ, დააშინებ, იმედს დაუმსხვრევ და მერე, სამადლოდ მიგდებული მეტროს 5 ლარიანი ბარათით დაავიწყებ ამ ყველაფერს.

არადა, ისე ჩვენც კარგები ვართ. აბა რა უნდა გვითხრან? ვერ გიტანთ, იმიტომ რომ აზროვნებთ, ვერ გიტანთ იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია და სასამართლო გინდათ, ვერ გიტანთ იმიტომ, რომ რეალური თვითმმართველობა გინდათ, ვერ გიტანთ იმიტომ რომ ლევან რამიშვილის, ძმები კუბლაშვილების, ჩიორა თაქთაქიშვილის, აკო მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის არ გჯერათო?!…

პრეზიდენტსა და მის „ოპერატიულ“ გარემოცვას დავესესხები და ამუშავდა „სიცრუის მანქანა“, რკინის სამკუთხედის სახით.

რკინაც არის და რკინაც. რკინის სამკუთხედიც განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე იქმნებოდა და იქმნება. აქვე მაინც დავაყოლებ, რომ რკინის სამკუთხედი მაშინ იქმნება, როცა აღმასრულებელი, კანონმდებელი და ინტერესთა ჯგუფი ერთი ინტერესის ან აზრის გამო ერთიანდება და მის გატარებას ყველა მექანიზმის გამოყენებით ცდილობს. ეს ზოგადი განმარტებაა იმ მეცნიერებიდან, რომელსაც სახელმწიფო მართვა ჰქვია.

რკინაც ასეთი უნდა, სამკუთხედიც, გაერთიანებაც და ინტერესთა ჯგუფიც. მიზანი კი საკუთარი გაუმართლებელი საქციელის გამართლების მცდელობის დამტკიცებაა. აი, სად ამუშავდა რკინის სამკუთხედი, ამ შემთხვევაში -სიცრუის მანქანა.

და მაინც, რატომ გახდა არსებობა ასე გაუსაძლისად მძიმე?

ალბათ იმიტომ, რომ აგრესორი აგრესიული, სახელმწიფოებრივ აზროვნებას მოკლებული ქართველია, რომლისთვისაც `დემოკრატიული პრინციპები” ავადმყოფი გონების მიერ ნაშობი ავი ზრახვების საფარი უფროა. საოცარია, მაგრამ ქართველობის ასეთი დაცემა კომუნისტებმა სამოცდაათზე მეტი წლის მანძილზეც კი ვერ მოახერხეს და ალბათ იმიტომ, რომ ასე არ გაუმათხოვრებიათ მოსახლეობა.

ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ რუსები ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლამდე და შემდეგაც. საზოგადოებას კი არწმუნებდნენ, ეს თქვენი სიყვარულით, სახელმწიფოს ინტერესების და თქვენს მიერ სათანადოდ ვერდაფასებული სოციალისტური პრინციპების დასაცავად კეთდება და არა ავი ზრახვებითო. ეს 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიის ხელმეორე დაპყრობის დროს ხდებოდა…

ეს კი დღეს, საქართველოში ხდება….

ეპილოგი:

დაიჯერა თუ არა საქართველომ ზღაპრების და სიზმრების? მოდის თუ არა ხელისფლების ორ-სამ ჭკვიან წევრზე მთელი სულელი საქართველო?

ხელისუფლებას მტკიცება და ნამუსის მოწმენდა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჭირდება, რადგან Power-Point-ის ფორმატში გაკეთებული პრეზენტაცია წარმატებული დემოკრატიის შესახებ, დარბეულ უფლებებსა და გაწითლებულ წყალს თავად გაატანა. დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლებისათვის კი “ლეღვის ფოთლის” როლში ყოფნა მიმზიდველ პერსპექტივას ნამდვილად არ წარმოადგენს.

მე ისევ მაქვს და ყოველთვის მექნება სიამაყის გრძნობა, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ ღირსება არც ფულზე და არც ტომარა ფქვილზე და არც მეტრომანზე დარიცხულ 5 ლარზე იყიდება. ისიც ვიცი, რომ დუმილს ხშირად ოქროს ფასი აქვს და ისიც ვიცი, რომ ამ დუნიაზე იდეისთვის თავგადადებული ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, მიუხედავად მათი კოცონზე დაწვისა, კაცობრიობის სულიერი ფასეულებები ასეთი ღირებული არ იქნებოდა და ჩვენც ალბათ, ისევ ბლის კურკების სროლაში ვიქნებოდით.

Реклама

Оставьте комментарий

Комментариев нет.

Comments RSS TrackBack Identifier URI

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s